ლაფარჟჰოლციმმა მოიპოვა კონტრაქტები პარიზში ევროპის უდიდესი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტისთვის

ლაფარჟჰოლციმმა მოიპოვა 110 მილიონი ევროს ღირებულების გრძელვადიანი კონტრაქტები Grand Paris Express (GPE) პროექტის ფარგლებში. GPE წარმოადგენს უდიდეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტს ევროპაში და მოიცავს დაახლოებით 38.5 მილიარდი ევროს ინვესტიციას. პროექტი დააკმაყოფილებს ქალაქის მზარდ მოთხოვნებს გაუმჯობესებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე და მოამზადებს პარიზს 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის.

GPE -ს მიერ დაგეგმილი ახალი რკინიგზის 200 კილომეტრის და 68 ახალი რკინიგზის სადგურის პროექტის რეალიზაციის მიზნით ლაფარჟჰოლციმი უზრუნველყოფს 600,000 ტონა აგრეგატის და 260,000 ტონა ცემენტის მიწოდებას 650,000 კუბური მეტრი ცემენტის მზა ხსნარის მოსამზადებლად. ლაფარჟეჰოლციმი გამოიყენებს ბარჟებს მდინარე სენაზე, რათა ეფექტურად უზრუნველყოს ამოთხრილი მიწის გატანა, რომლის მოცულობა ექვსჯერ აღემატება მსოფლიოში უმაღლესი შენობის, ბურჯი ხალიფას წონას. იან იენიში, გენერალური დირექტორი: ,,ვამაყობთ, რომ ამ ისტორიული პროექტის მთავარი პარტნიორი ვართ. აღნიშნული პარტნიორობით ვახდენთ სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში ჩვენი წამყვანი როლის დემონსტრირებას და ხანგრძლივი წვლილი შეგვაქვს პარიზის ტერიტორიაზე მცხოვრები და მომუშავე ადამიანების სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესებაში. პროექტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენს საიმედოობას და შესაძლებლობას, უზრუნველვყოთ დიდი რაოდენობის მაღალი ხარისხის ბეტონის მიწოდება და ეფექტური ლოჯისტიკა. 2022 წლის ჩვენი სტრატეგიის ფარგლებში – ,,მშენებლობა ზრდისთვის“ მიზნად ვისახავთ ჩვენი აგრეგატების და მზა ბეტონის სეგმენტების ზრდას, ხოლო ამ საქმიანობის განხორციელებაში GPE ძირითად ქვაკუთხედს წარმოადგენს.“

პროექტის გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით ლაფარჟეჰოლციმი პარიზში მდებარე მზა ბეტონის საკუთარ ქსელს დაუმატა მზა ბეტონის მობილური ქარხნები, რაც GPE-თვის საათში 300 კუბური მეტრის წარმოების საშუალებას იძლევა. ლაფარჟჰოლციმი სამშენებლო მოედნიდან გაიტანს და დაამუშავებს მინიმუმ 3 მილიონ ტონა მიწას, შემდეგ კი ამოთხრილ მასალას გამოიყენებს ახლოს მდებარე საკუთარი კარიერების ლანდშაფტის აღდგენისთვის. მდინარე სენის ხეობაში მდებარე კარიერებიდან და ამოთხრილი მიწიდან აგრეგატების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებს ბარჟებს მდინარე სენაზე. ეს მეთოდი გაცილებით ეფექტური და ეკონომიურია, ვიდრე სახმელეთო ტრანსპორტირება, რადგან ორი ბარჟით შესაძლებელია 220 სატვირთო ავტომანქანის ტვირთის გადატანა. აღნიშნული კონცეფციით ლაფარჟჰოლციმი ასევე გადაჭრის შვიდ მილიონზე მეტი მაცხოვრებლით დასახლებული ტერიტორიის გავლით დიდი რაოდენობის მასალის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პრობლემას. აღნიშნული კონტრაქტით ლაფარჟჰოლციმი აგრძელებს ფრანგული ბაზრისთვის აგრეგატების და ბეტონის მიწოდების ტრადიციას, რომელიც ას წელზე მეტს ითვლის. კომპანია მიზნად ისახავს GPE -ზე მუშაობას მომდევნო 15 წლის განმავლობაში.